ღონისძიებები
იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური ახალგაზრდული პროექტი დაიწყო
ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA“-ს წევრებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და კლუბის წევრებს სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
„კონკურსის წესით არჩეულ იქნა 30 სტუდენტი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაიარონ პრაქტიკა; განახორციელონ პროექტები, რომელთაც დააფინანსებს იუსტიციის სამინისტრო. ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ასევე, ქმედით დახმარებას გაუწევს სახელმწიფოს ახალგაზრდა, მოტივირებული, მაღალკვალიფიციური და ინიციატივიანი კადრების მოძიებაში“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ.
პირველ ეტაპზე ახალგაზრდული კლუბის წევრები ორდღიან ტრენინგს გაივლიან გუნდური შეჭიდულობისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ.
„YOUTHTITIA“ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს, თემატურ შეხვედრებსა და საავტორო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს.
კლუბის წევრებად საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტებიდან 30 სტუდენტი იქნა შერჩეული 1 წლის ვადით.
პლატფორმა საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში. პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში.