ღონისძიებები

ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის შედეგად თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი დაფუძნდა

ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ეროვნული და საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განვითარებას; გამოკვეთოს დარგის განვითარებაში დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა როლი და მნიშვნელობა; აჩვენოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის თანამედროვე მეთოდები.

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა გახსნა. ღონისძიება პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართა და ადმინისტრაციული სამართლის, სამართლის ისტორიის და სამართლის მეთოდების, კერძო სამართლის, კონსტიტუციური სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია; მისი მოადგილე, პროექტის ხელმძღვანელი გიორგი დგებუაძე; აგრეთვე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და დოქტორანტები, მათ შორის, უცხოეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებიდან.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ყოველწლიურად გაიმართება, რაც შესაძლებლობას შექმნის ინტენსიური საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობისათვის.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც უწყება სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით ყოველწლიურად აცხადებს. მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრო 17 გამარჯვებულ პროექტს აფინანსებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა და ლარს იოჰან ლონბაკმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან დარგობრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს.

მხარეებმა მიგრაციის მართვისა და ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი) ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა და მიღწეული პროგრესი განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლისა და მიგრაციის საკითხებში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი მექანიზმების როლზე. აღინიშნა, რომ ეს საკითხები საკვანძო როლს ასრულებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ინიციატივებზე.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ქეთევან ბეთლემიძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი ჯაში და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, ანა ღვინჯილია.

ღონისძიებები

სექტემბერი , 2023
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ