იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორ არტურ ერკენს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე და სამომავლო ხედვები გაუზიარა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიგრაციის მართვა საქართველოსთვის არა მხოლოდ შიდა პოლიტიკის ნაწილია, არამედ ასევე წარმოადგენს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბალანსის აუცილებლობას ადამიანის უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს შორის მიგრაციის მართვისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი რუსუდან კოხოძე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს უფროსი თემურ გოგინოვი; აგრეთვე IOM-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლარს იოჰან ლონბაკი და პროგრამის განვითარებისა და მხარდაჭერის ოფიცერი გენცი პიეტრი.