საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსებს 30 წლის იუბილე მიულოცა
საზეიმო ღონისძიება, რომელზეც ნოტარიუსთა პალატამ 30-წლიანი საქმიანობა შეაჯამა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.
იუბილეზე ისაუბრეს ქართული ნოტარიატის ინსტიტუციური ფორმირების იმ ეტაპებზე, რომლითაც განისაზღვრა ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოსილებები და პროფესიული პასუხისმგებლობა; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ხედვებს, ასევე ნოტარიუსის როლს ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ქართველ ნოტარიუსებს იუბილე მიულოცეს, ასევე, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საპატიო ნოტარიუსმა რიხარდ ბოკმა და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტმა დილშოდ აშუროვმა.
ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი და 30-წლიანი სტაჟის მქონე ნოტარიუსები, აგრეთვე - ნოტარიუსთა პალატის ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლები.
ნოტარიუსთა პალატის იუბილეს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, სამინისტროს თანამშრომლები, ნოტარიუსები, ასევე გერმანიის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.