ღონისძიებები

ორშაბათი, 13 ივლისი, 2026

იუსტიციის მინისტრმა UNIDROIT-ის გენერალურ მდივანთან საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ვიზიტად მყოფ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოს, და მის მოადგილეს, პროფესორ ანა ვენეციანოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ორგანიზაციის სამართლებრივი ინსტრუმენტების მნიშვნელობა განიხილეს. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანსსასაზღვრო კომერციული ურთიერთობების ზრდის ფონზე კერძო სამართლის უნიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე.

კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა იგნასიო ტირადომ, ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე და საქართველოს განსაკუთრებულ როლზე რეგიონში კომერციული და ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების განვითარებისა და მათი თანამედროვე სამართლებრივი მოწესრიგების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა UNIDROIT-ის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და ორგანიზაციის წევრობის უპირატესობებზე.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის თანამშრომლობა.


კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და კომერციული სამართლის მოდერნიზაციისა და ჰარმონიზაციის მიზნით ამუშავებს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კონვენციები, მოდელური კანონები და პრინციპები ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე პროგნოზირებადი, თანამედროვე და ეფექტიანი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას. ორგანიზაცია ამჟამად 65 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან, რაც მის გლობალურ ხასიათსა და საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო მინდიაშვილი.

ღონისძიებები

ივლისი , 2026
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5
    6 7 8 9 10 11 12
    13 14 15 16 17 18 19
    20 21 22 23 24 25 26
    27 28 29 30 31