ღონისძიებები

ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026

თბილისი მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც 50 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს

თბილისი მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც 50 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სააგენტოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - 2026-2027 წლებში ICPEN-ის პრეზიდენტობა მიულოცა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ICPEN-ის პრეზიდენტობა არა მხოლოდ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმატებაა, არამედ საქართველოს მიმართ ნდობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებაც.

პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე თანამედროვე ეკონომიკის განვითარებისთვის. მისი თქმით, ძლიერი მომხმარებელი და ძლიერი ბიზნესი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან - პირიქით, დაცული მომხმარებელი აძლიერებს ნდობას, ნდობა ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ხოლო ძლიერი კონკურენცია - ინვესტიციებსა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

,, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეფექტიანი, სწრაფი და სანდო საჯარო სერვისების შექმნაა. ჩვენი მიდგომა მარტივია - მოქალაქე არ უნდა ერგებოდეს სახელმწიფო სისტემას; სახელმწიფო სისტემა უნდა მოერგოს მოქალაქეს. ამავე პრინციპით ვმუშაობთ ბიზნესთანაც. დღეს მეწარმეს იუსტიციის სახლში შეუძლია ისარგებლოს პერსონალური „ბიზნესასისტენტის“ მომსახურებით, „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით უფრო მარტივად განახორციელოს მნიშვნელოვანი ტრანზაქციები, ასევე ისარგებლოს სააღსრულებო და სანოტარო მედიაციის სერვისებით. დღეს იუსტიციის სახლის თითქმის 500 სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს. ჩვენთვის ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის — ეს არის მოქალაქის ნდობა და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. პარალელურად, ვაგრძელებთ ციფრული სერვისებისა და ციფრული იდენტიფიკაციის ახალი მექანიზმების განვითარებას, რათა მოქალაქეებსა და ბიზნესს კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სამართლიანი კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მხოლოდ სამართლებრივი პრინციპები არ არის — ეს თანამედროვე, ინკლუზიური და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, — განაცხადა პაატა სალიამ.

ICPEN-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები. კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების განხილვასა და თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

ღონისძიებები

სექტემბერი , 2026
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5 6
    7 8 9 10 11 12 13
    14 15 16 17 18 19 20
    21 22 23 24 25 26 27
    28 29 30