ღონისძიებები

ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი, 2026

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

კონგრესის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გიორგი დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მხრივ განხორციელებულ ინიციატივებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო, ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისადმი მიძღვნილ სხდომაში, სადაც მან ისაუბრა საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების, ექსტრადიციისა და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებაზე ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის.

კონგრესის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, იტალიისა და იაპონიის დელეგაციებთან, ასევე, გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის პროგრამის ქსელის (PNI) მონაწილე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის (SII) წარმომადგენლებთან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, ასევე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე; სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი საჯაია და ამავე სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იასონ ნაჭყებია.

ღონისძიებები

ოქტომბერი , 2026
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4
    5 6 7 8 9 10 11
    12 13 14 15 16 17 18
    19 20 21 22 23 24 25
    26 27 28 29 30 31