ღონისძიებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
2023 წლის სამოქმედო გეგმა 4 მიზნის, 7 ამოცანისა და 39 აქტივობისგან შედგება. ის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.
სამოქმედო გეგმის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა და შშმ პირებისათვის სამინისტროს, აგრეთვე, მის სისტემაში არსებული უწყებების ინფრასტრუქტურის, მომსახურებისა და სერვისების მისაწვდომობის გაზრდა.
რიგით მესამე სამოქმედო გეგმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28 აპრილის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შეიმუშავა. პროცესში მონაწილეობდნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლები. დოკუმენტის სამუშაო ვერსია მოსაზრებებისთვის წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ თემის წარმომადგენლები. მიღებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი აისახა სამოქმედო გეგმაში.