ღონისძიებები

შაბათი, 29 აპრილი, 2023

იუსტიციის მინისტრმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებით სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა

რატი ბრეგაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი სამართლებრივი პოზიციისა და მტკიცებულებების მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და შესაბამისი სიგელები გადასცა.

პარასკევი, 28 აპრილი, 2023

2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მტკიცებულებების საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 20 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები დაზარალებულ პირთა კომპენსაციასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს.

საქართველოს მთავრობა კვლავაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში, რის თაობაზეც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.

ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2023

იუსტიციის სამინისტროში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, უწყებებმა იმსჯელეს ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის და მასთან დაკავშირებული სანქციების ეფექტიანი აღსრულების საკითხებზე. ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის გაძლიერება და ამ მხრივ უწყებათაშორისო კოორდინაცია რჩება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. აღნიშნული პრიორიტეტი შემხებლობაშია სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და საერთაშორისო საფინანსო გადარიცხვებთან, ქვეყნის რეპუტაციასა და საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს როლთან.


კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები და წარდგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებები უზრუნველყოფს ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მეთოდებისა და მექანიზმების გაძლიერებას, ხელს უწყობს რეგიონულ და გლობალურ დონეზე ტერორიზმთან ბრძოლას და ამკაცრებს სახელმწიფო პოლიტიკას ტერორიზმის დაფინანსებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართული პირების მიმართ.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები და წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო რეგულაციები თანხვედრაშია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან და ემსახურება ევროპის საბჭოს თემატურ ექსპერტთა ჯგუფის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის საკითხებზე (MONEYVAL) რეკომენდაციების შესრულებასაც.


გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი. ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიმართ დაწესებული სანქციების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით ახალი მიდგომები და რეგულაციები წარადგინა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სარაჯიშვილმა.


კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის; დაზვერვის სამსახურის; საგარეო საქმეთა სამინისტროს; შინაგან საქმეთა სამინისტროს; თავდაცვის სამინისტროს; ფინანსთა სამინისტროს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“, სსიპ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა“ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.

ოთხშაბათი, 26 აპრილი, 2023

იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების განხილვა გაიმართა

აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების ფარგლებში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს.

სამთავრობო უწყებებმა GRETA-ს სამდივნოს წარმომადგენლებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების პროგრესის თაობაზე; კერძოდ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის; დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები; დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვის, აგრეთვე, ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის მექანიზმები. საუბარი შეეხო დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობასაც.

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. კოორდინაციას პროცესს ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო უწევს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. საბჭოს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2022 წლის ანგარიშითაც ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს საფეხურზეა.

სამშაბათი, 25 აპრილი, 2023

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 31-ე სხდომა გაიმართა

სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე იმსჯელეს შრომითი მიგრაციის შესახებ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე.

აღნიშნული საკითხები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მექანიზმის – საქართველოს 2021-2023 წლების მიგრაციის სტრატეგიის – მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობდნენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირის დელეგაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც 9 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს, იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

ორშაბათი, 24 აპრილი, 2023

იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივები განიხილა

რატი ბრეგაძემ საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უწყების ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარო შეეხო ისეთ პროექტებს, როგორიცაა: ელექტრონული პლატფორმის შექმნა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისათვის; ნოვაციები სერვისების მიწოდების სფეროში - მობილური იუსტიციის სახლი, სერვისების ციფრული საშუალებებით მიწოდება; აგრეთვე ონლაინ უნივერსიტეტის ამოქმედება, სპორტის მართვის სისტემის დანერგვა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტები პენიტენციურ სისტემაში.

იუსტიციის მინისტრმა ელჩთან შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივებიც გამოთქვა. მათ შორისაა: ქართულ-ფრანგული სამართლებრივი ფორუმის გამართვა, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომელთა გადამზადების, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება.

იუსტიციის მინისტრისა და საფრანგეთის ელჩის შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

პარასკევი, 21 აპრილი, 2023

იუსტიციის მინისტრი ახლადარჩეულ სახალხო დამცველს შეხვდა

რატი ბრეგაძემ ლევან იოსელიანს ომბუდსმენის პოსტზე წარმატებები უსურვა და სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, რომელთა მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებაა.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს განჩინებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ომბუდსმენის ოფისს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, კიდევ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს უწყება ქვეყნის სუვერენიტეტისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვისათვის.

ადამიანის უფლებების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უწყება მზადაა მჭიდრო თანამშრომლობისათვის როგორც საქართველოს სახალხო დამცველთან, ისე ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან.

რატი ბრეგაძისა და ლევან იოსელიანის შეხვედრას იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის მოადგილეები, აგრეთვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ესწრებოდნენ.

ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2023

იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საჯარო ლექცია გამართა

ევროკავშირის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ლობჯანიძემ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების პროცესში, რა სამართლებრივი პროცედურები რჩება გასავლელი და რა როლი აქვს იუსტიციის სამინისტროს ამ მიმართულებით.

საზოგადოებასთან პირისპირ კომუნიკაცია აქტუალურ საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. 2022 წლის განმავლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობამ საჯარო ლექციები გამართა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავების თემაზე; წელს კი, უწყება ლექციათა ციკლს დამატებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებსა და მათ სამართლებრივ ასპექტებზეც ჩაატარებს. თბილისისა და თელავის შემდეგ ლექციები ამ თემაზე გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება.

">

საჯარო ლექციათა ციკლი „ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები“ გრძელდება. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.

ევროკავშირის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ლობჯანიძემ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების პროცესში, რა სამართლებრივი პროცედურები რჩება გასავლელი და რა როლი აქვს იუსტიციის სამინისტროს ამ მიმართულებით.

საზოგადოებასთან პირისპირ კომუნიკაცია აქტუალურ საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. 2022 წლის განმავლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობამ საჯარო ლექციები გამართა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავების თემაზე; წელს კი, უწყება ლექციათა ციკლს დამატებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებსა და მათ სამართლებრივ ასპექტებზეც ჩაატარებს. თბილისისა და თელავის შემდეგ ლექციები ამ თემაზე გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება.

სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთისწინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა

დღევანდელი განჩინებით სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) სრულად დასაშვებად გამოაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან დღემდე განგრძობითად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.


საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.


აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობის კომპლექსური სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები გაიგზავნა 2021 და 2022 წლებში, მათ შორის, მასალა ეროვნული არქივებიდან; საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ რუსეთის ფედერაციის დარღვევების შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაცია და სტატისტიკა; ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის შესაბამის საქმეებზე; საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები; რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები; სეპარატისტი დეფაქტო „ხელისუფლებების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები (ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე).


აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის ყველა პრეტენზია.


სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაშვებობის ეტაპისთვის არსებობს რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები: მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები, დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).


აღსანიშნავია, რომ მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს და განხილული იქნება ზემოხსენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ევროპული სასამართლო კონკრეტულად ამ საქმეების ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელებს ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში, სადაც საქართველოს მთავრობა ერთვება მესამე მხარედ და წარადგენს სამართლებრივ პოზიციას მომჩივანთა მხარდასაჭერად.


დასაშვებობის დადგენის შედეგად ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე, სადაც სასამართლო შეისწავლის საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გასაჩივრებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ და კონკრეტულ დარღვევებს.


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ოთხშაბათი, 19 აპრილი, 2023

იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძემ ღასან ხალილს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების დაცვას და იუსტიციის სამინისტროსათვის ამ სფეროში გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია.

რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა; ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და მათთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების გაფართოება; არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის პროექტები; მედიაციისა და განრიდების პროცესებში ჩართული პროფესიონალების გადამზადება.

მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიებები

დეკემბერი , 2024
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1
    2 3 4 5 6 7 8
    9 10 11 12 13 14 15
    16 17 18 19 20 21 22
    23 24 25 26 27 28 29
    30 31