ღონისძიებები

შაბათი, 09 დეკემბერი, 2023

საქართველოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ICC-ის განმწესრიგებელ ოსვალდო ზავალა გილერთან შეხვედრისას

წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე. ითქვა, რომ ახლა არსებითი მნიშვნელობა აქვს ყველა რესურსის მობილიზებას, რათა დაკავების ორდერების აღსრულება მოხდეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულად აფასებს ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ, რომლის იმპლემენტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს ომით დაზარალებულთა დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოსთან არსებული მჭიდრო, ეფექტიანი და ინსტიტუციური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.

რატი ბრეგაძემ ნიუ-იორკის პრობაციის ოფისს პრობაციის სისტემის ქართული მოდელი გააცნო

იუსტიციის მინისტრი ნიუ-იორკის პრობაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯუანიტა ჰოლმსს შეხვდა.

რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე იმ რეფორმებსა და ინოვაციებზე ისაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში ახორციელებს.

„ინოვაციური მოწყობილობა „პრობბოქსი“ პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის თანამედროვე მექანიზმია, რომელსაც ევროპაში ანალოგი არ აქვს. პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და მომსახურება, პრობაციის ბიუროებთან ერთად, ალტერნატიულ შენობებშია შესაძლებელი, რითაც გაიზარდა პრობაციონერთა ანონიმურობის დაცვა და მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ამერიკულ მხარეს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში იუსტიციის სამინისტროს მიერ დანერგილი სარეაბილიტაციო პროგრამებიც გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონებში მედიაციის სივრცეებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრების გახსნის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების სამომავლო განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია.

ქართულმა მხარემ პრობაციის სფეროში აშშ-ის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა და მასპინძელ მხარეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია.

პარასკევი, 08 დეკემბერი, 2023

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

რატი ბრეგაძემ ლი ჯუნჰუასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნები პასუხობს გლობალურ გამოწვევებს და მათი განხორციელება ეროვნულ დონეზე გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებისთვის სახელმწიფო სერვისების სწრაფ, თანაბარ და ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას. სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები

სამინისტროს სავიზიტო ბარათია, რომელზე ხელმისაწვდომობასაც უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

იუსტიციის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტ სერვისს 118 იუსტიციის სახლისა და მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუფერხებლად აწვდის მომხმარებელს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალდანერგილი მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით სოფლის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ყველა სერვისი სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე, ინოვაციურია იუსტიციის სახლების ფუნქციონირება პენიტენციურ დაწესებულებებში.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა გაერო-ს გენერალური მდივნის ოფისთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მიგელ დე სერპა სოარესს შეხვდა

რატი ბრეგაძემ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს გააცნო იუსტიციის სამინისტროს როლი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარების პროცესში და ამ კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) და გაეროს სახელშეკრულებო მონიტორინგის ორგანოებში.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტის – სამართლებრივი ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებასა და განათლებაზე, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის საუკეთესო ინსტრუმენტზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის ზაფხულში საქართველო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ოფისთან თანამშრომლობით უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა რატი ბრეგაძემ წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დღეს დაიწყო. მინისტრი ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

„თხუთმეტი წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, რის შედეგადაც საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები მათ წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მსხვერპლნი გახდნენ. ICC-ის პროკურორის ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა რუსი გენერალ-მაიორის პასუხისმგებლობა. 2022 წლის 16 დეკემბერს ICC-ის პროკურორმა დაასრულა გამოძიება აგვისტოს ომში საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ გამოცემული დაკავების ორდერები ოპერატიულად აღსრულდება.

იუსტიციის მინისტრმა სამართლის უზენაესობის და მსხვერპლთა დაცვის საკითხში ICC-ის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სასამართლოსთან სამომავლო თანამშრომლობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.

მიმდინარე წლის 4-14 დეკემბერს ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეა იმართება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.

სამშაბათი, 05 დეკემბერი, 2023

გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის №945 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება. კანდიდატი საქმიანობის ფარგლებში იმოქმედებს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/82704?active=1

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 19 დეკემბრამდე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი არის გაეროს სისტემაში მოქმედი დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს. ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატის ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებაზე ზედამხედველობას და ქალთა უფლებების დაცვასა და განმტკიცებაზე მუშაობას.

გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში (CRPD) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის №946 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება. კანდიდატი საქმიანობის ფარგლებში იმოქმედებს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/82706?active=1

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 19 დეკემბრამდე.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ საფუძველზე შექმნილი ორგანოა, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვაზე, გაძლიერებასა და განმტკიცებაზეა პასუხისმგებელი. ამასთან, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების მონიტორინგი წარმოადგენს.

შაბათი, 02 დეკემბერი, 2023

იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო-სამივლინებო“ ხარჯების თაობაზე

კერძოდ, თვითმფრინავებისა და პილოტების ფონზე მომზადებულ მანიპულაციურ სიუჟეტში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საუბარია, რომ, თითქოსდა, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ექვს თვეში 7 მილიონ ლარამდე დახარჯა მივლინებებთან დაკავშირებულ ფრენებზე.

განვმარტავთ, რომ სიუჟეტში ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპლიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს. აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებულია სისტემური რეგისტრაციის ბიუჯეტში.

დღეის მდგომარეობით, მიწის რეფორმის ფარგლებში უკვე აზომილია 612 609 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 194 530 ჰა და რეგისტრირირებულია 482 190 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართობით 173 272 ჰა. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო 2022 წელს, მოქალაქისათვის არის სრულიად უფასო და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2023

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე ეროვნული სიმულაციური ტრენინგი განხორციელდა

რიგით მეორე ეროვნული სიმულაციური ტრენინგის – „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ – დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ეროვნული სიმულაციური ტრენინგის მიზანი მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისა და უწყებათაშორისი კოორდინაციისა და თანამშრომლობის განხორციელების მიმართულებით სფეროში დასაქმებული პრაქტიკოსების უნარ-ჩვევების ამაღლებაა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დანაშაულის დროულ გამოვლენასა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა საზოგადოებაში ეფექტიან ინტეგრაციას.

ტრენინგი უნიკალური შესაძლებლობაა გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, შრომის ინსპექტორებისთვის, იურისტებისთვის, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის, სიმულაციურად შექმნილ, მაქსიმალურად რეალურ და, ამავდროულად, უსაფრთხო გარემოში ჩაერთონ ადამიანით ვაჭრობის შემთხვევის გამოვლენისა და მასზე შემდგომი რეაგირების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც სიმულაციური ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სწავლების ერთ-ერთ წარმატებულ მეთოდად დაინერგა. პირველი ტრენინგი 2022 წელს ჩატარდა. წელს საქართველოში მეორედ განხორციელდა მსგავსი სწავლება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-9 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2023 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო არაერთი ევროპული ქვეყნის გვერდით კვლავ ინარჩუნებს ადგილს შეფასების უმაღლეს საფეხურზე, ე.წ. პირველ კალათაში.

ღონისძიება საქართველოში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ეროვნული სიმულაციური ტრენინგი გაიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. მისი პარტნიორები არიან: იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სიმულაციური ტრენინგი 20 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბერს დასრულდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

რატი ბრეგაძისა და შანდორ პინტერის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი.

იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომლებიც ეფუძნება ბალანსს ციხეებში უსაფრთხოების ზომების გატარებასა და კარგად ფუნქციონირებულ რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის პროგრამებს შორის. კერძოდ, უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიეწოდა ციფრული უნივერსიტეტის, სპორტის მართვის სისტემის, მსჯავრდებულთა დასაქმების, მაღაზია „რე-მარკეტის“, პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლების მეშვეობით სახელმწიფო სერვისების მიწოდების, სულ ცოტა ხნის წინ დაბა ლაითურში გახსნილი და 2024 წელს რუსთავში დაგეგმილი ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების თაობაზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

ღონისძიებები

დეკემბერი , 2025
  • ორ
  • სა
  • ოთ
  • ხუ
  • პა
  • შა
  • კვ
    1 2 3 4 5 6 7
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31