ღონისძიებები
თბილისში საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი გაიხსნა
თბილისი საჯარო სერვისების გაეროს-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ.
ფორუმი „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ გახსნეს.
მაღალი დონის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელსაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს
პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციის მიზანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე მსჯელობაა. მაღალი დონის ღონისძიება ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობენ წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტები.
ღონისძიებას გახსნიან მონაკოს იუსტიციის მდივანი სამუელ ვუელტა სიმონი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარი. მინისტრთა კონფერენციაზე დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა. პაატა სალია კოლეგებს პირველი პლენარული სესიის ფარგლებში მიმართავს, რომელიც დანაშაულის ადრეულ გამოვლენას ეხება და გაუზიარებს მათ საქართველოს გამოცდილებას ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და მისი პრევენციის მიმართულებით.
სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა.
ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და საჯარო სერვისების მისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
იუსტიციის სამინისტრო ეფექტიანად იყენებს გონივრული მისადაგების პრინციპს, რათა სისტემაში დასაქმებული 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი აქტიურად იყოს ჩართული უწყების საქმიანობაში.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა, გონივრული მისადაგების პრინციპი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეტიკეტი და სხვა.
ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა უწყებაში გაიმართა
Geo
Eng